19 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. იმავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: თავის ქალის მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა 11 წლის ნინო ჯინჭარაძე. ამას გარდა, მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს დედამისი – ეკა ცუცხვაშვილი-ჯინჭარაძისა და მათ მეზობლად მცხოვრები ირაკლი ჯინჭარაძე. სხეულის დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე მდებარე “გამარჯვების მემორიალის” დემონტაჟი მოულოდნელად 12 დეკემბერს დაიწყო. მაშინვე დემონტაჟზე დასაქმებულმა მუშებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ საბოლოოდ მემორიალი 21 დეკემბერს, პრეზიდენტის დაბადების დღეზე აფეთქდებოდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქუთაისში 21 დეკემბრისთვის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს და საზოგადოების სხვა ფენებს. ამის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა 18 დეკემბერს გამოაცხადეს მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. როგორც ჩანს, საპროტესტო აქციის თავიდან აცილების მცდელობას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ძეგლის აფეთქების პროცედურა დააჩქარა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნიკოლოზობის დღესასწაული აარჩია (სხვათაშორის ამ დღეს პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის დაბადების დღეა).
ავტოქარხნის დასახლებაში სამართალდამცავები 19 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე გამოჩნდნენ. ისინი აფრთხილებდნენ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ მათ სასწრაფოდ დაეცალათ საცხოვრებელი სახლები. 16:00 საათზე შპს “საქფეთქმრეწვმა” 27 მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია (რაც “გამარჯვების მემორიალის” ერთკვირიანი დემონტაჟის შედეგად დარჩა) ააფეთქა. აფეთქებისას ბეტონის ნამსხვრევები რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გადაცვივდა. სწორედ ამან გამოიწვია იქ მცხოვრები მოსახლეობის დაშავება და მსხვერპლი.
“ევაკუაცია რომ დაიწყეს, გამოგვიყვანეს ბინიდან, აფეთქება მოხდებაო და გამოვედით გარეთ – ქუჩაში, მოგვაშორეს ბინას და გავრბოდით “ბარაკებისკენ”. ამ დროს მოხდა აფეთქება. ეს საწყლები, ეზოში ყოფილან, სახლთან და ბავშვს ქვა მოხვედრია თავში და დაიღუპა. კმაყოფილია ახლა ჩვენი მთავრობა? რა ენაღვლებათ მაგათ? მაგათი შვილები არ მომკვდარან და! ეს არის მავნებლობა, რას აშავებდა ის ძეგლი იქ?” – აცხადებენ თვითმხილველები.
“მე ქალაქიდან მოვედი იმ წუთში და პოლიცია არ მიშვებდა სახლში, ვიფიქრე რაღაც ნივთებს მაინც გამოვიტან-მეთქი სახლიდან. ამ დროს მოხდა აფეთქება და რომ მივედი ადგილზე, დასისხლიანებული ხალხი ეყარა ძირს, თურმე ჩემი მეუღლეც იქ ყოფილა,” – ამბობს დაშავებული ირაკლი ჯინჭარაძის მეუღლე.
“შვილი მომიკლეს, ხალხო, ვაიმე, რა მეშველება?” – შველას ითხოვდა გარდაცვლილის მამა სოსო ჯინჭარაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თავდაპირველად ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით – დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში. ნინო ჯინჭარაძე კი ბავშვთა საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ვინ გასცა 19 დეკემბერს ძეგლის აფეთქების ბრძანება? – ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა (საკრებულოს წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა) ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ მათ ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ და ინფორმაციის მისაღებად სამხარეო ადმინისტრაციისკენ გადაგვამისამართეს. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ტელეფონით დაკავშირება იმერეთის გუბერნატორთან მიხეილ ჩოგოვაძესთან, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ დავუკავშირდით გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზეინაბ ხაჩიძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ დედაქალაქში იმყოფებოდა და მომხდარის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. დედაქალაქში იმყოფებოდა გუბერნატორის პირველი მოადგილე ლაშა კილაძეც. შესაბამისად, უცნობია, თუ ვინ დაიქირავა ძეგლის ასაფეთქებლად თბილისური კომპანია “საქფეთქმრეწვი”. საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ იმავე დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ფირმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ასრულებდა აფეთქებით სამუშაოს. მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი სამუშაოებისას დაშვებული იქნა შეცდომა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი.


[მაია მეცხვარიშვილი “ახალი გაზეთი”]

ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia