
- ”ძალიან კარგად მესმის, რომ რასაც ახლა ვიტყვი, დარბაზის გარეთ გავა, უფრო მეტიც მე ამის იმედი მაქვს”, - თქვა პუტინმა, - ”საქართველოს გაერთიანება გადაწყვეტადია, ეს საკითხი ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ. აი ევგენი პრიმაკოვი დაკავდეს ამით”.
რუსული მმართველობის სისტემის პირობებში, ლიდერის ასეთი ფრაზა, როგორც წესი, თითქმის დანიშვნის ტოლფასია, თანაც საგანგებო უფლებებით, - მოხუცი პრიმაკოვის გაკვირვების მიზეზიც ეს გახდა.
პრემიერის ”სადღეგრძელომ” ისტერიკამდე მისული აღფრთოვანება გამოიწვია დარბაზში. ატყდა სატელეფონო რეკვები, ”პუტინმა თქვა - დაგიბრუნებთოოო...” ზეიმობდნენ ქართველები და პროქართველები, დაიზაფრა და დაიბნა რუსული პოლიტელიტისა და მედიის ”დერჟავნიკული” ნაწილი.
ის ნაწილი კი, რომელიც თავს პიარ -ტექნოლოგიებში უფრო გარკვეულად თვლის, ამტკიცებს, რომ ამით პუტინმა ყველას გასაგონად თქვა, რომ კავკასიის სადავეები ხელში აქვს და ”უნდა ჩამოაჭრის და უნდა გააერთიანებს”.
არის კიდევ ”სუპერდერჟავნიკული”, პუტინის ხიბლის ქვეშ მყოფი და საბჭოეთზე ნოსტალგიით შეპყრობილი რუსული ელიტა, რომელიც ”ნაციის ლიდერის” სიტყვებში საბჭოთა იმპერიის აღდგენის გეგმებს ხედავს, სადაც ნომინალურად ”ერთიანი საქართველო” იქნება წარმოდგენილი.
საინტერესო ისაა, რომ ქართული სამთავრობო ტელევიზიების სიუჟეტებში, სწორედ ეს ბოლო ინტერპრეტაცია დომინირებდა. ამას მარტივი მიზეზი აქვს - კულუარებში გავრცელებული მოსაზრება, რომ პუტინი მზადაა, საქართველოს გაერთიანება კონფედერაციის სახით მაინც დაუშვას, ნეიტრალიტეტისა და სააკაშვილის გადადგომის პირობით, სახელისუფლო მედიისათვის, განხილვასაც არ ექვემდებარება.
პუტინის ”პროქართული სადღეგრძელოს” ფესვებში რომ გავერკვეთ, იუბილეზე სტუმართა შემადგენლობას და სიუჟეტის განვითარებას უნდა მივადევნოთ თვალი:
მაშ ასე, ”საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი”-ს საბანკეტო დარბაზი, რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი მძიმეწონოსანის, ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილე... პრიმაკოვი ყოველთვის სენტიმენტებით საუბრობს ხოლმე თავის თბილისურ წარსულზე და საქართველოს სიყვარულზე. მისი დედა, თბილისელი სომხის - არუთინოვის ქალი იყო, პირველი ცოლი კი ქართველი ჰყავდა.
სტუმართა შორის აშკარად ქართველი და ქართული ძირების მქონე ცნობილი სახეები სჭარბობდნენ, იყვნენ სტუმრებიც საქართველოდან. ”საპატიონი” - ქართველი დედის შვილი, - რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი, ახლანდელი - სერგეი ლავროვი, რომლის ნამდვილი გვარი კალანტაროვია და მისი მამაც თბილისის მოქალაქე იყო; ოლიგარქი - შალვა ბრეუსი;
აკადემიკოსი ვიქტორ გელოვანი, რუსი ჟურნალისტების შეფასებით, ფანტასტიკურად ლამაზი მეუღლით, ანჯაფარიძის ქალით; ასევე, ზურაბ წერეთელი, თამარ გვერწითელი, ნანი ბრეგვაძე ... სუფრას კი ხელმძღვანელობდა პრიმაკოვის დიდი ხნის მეგობარი, მოსკოვის მთავარი კარდიოლოგი, დავით იოსელიანი.
პრემიერი პუტინი იუბილეზე საათნახევრის დაგვიანებით მივიდა და ადგილი იუბილარსა და თამადას შორის დაიკავა. ”სუფთა ლიტერატურული” დეტალი - მთელი საღამოს განმავლობაში, თამადა იოსელიანი პუტინს ”ქვეყნის პირველ პირად” მოიხსენიებდა და არც ადრესატისაგან და რა თქმა უნდა, არც დამსწრეთაგან ეს არავის გაუპროტესტებია.
”პროქართული სადღეგრძელოს” პრელუდიად პუტინის პირველი სადღეგრძელო უნდა განვიხილოთ - ”რუსეთის ისტორიაში ბევრი სისხლიანი ფურცელია, მაგრამ ისინი ”პრიმაკოვების” მეცადინეობით მთავრდება ხოლმე”, - განაცხადა პუტინმა. პრიმაკოვმაც ალავერდი მიიღო და საპასუხოდ, პრემიერს ”რუსეთის მხსნელი” უწოდა.
საინტერესოა, რომ როგორც რუსული პრესა წერს, ამის შემდეგ პუტინმა გულით მოილხინა, ”შებახუსდა” და პრიმაკოვის ”ქართული ნოსტალგიით” შთაგონებულმა, თავის სამშობლოზე - ლენინგრადზე (და არა პეტერბურგზე) შეასრულა სიმღერა.
და აი, ”გეოპოლიტიკური სადღეგრძელოს ჟამიც” ... სადღეგრძელო პუტინმა ნანი ბრეგვაძის რუსული სიმღერის შემდეგ წარმოთქვა და თითქოს კარგად დადგმული სცენარით, ოდას ჰიმნი მოჰყვა - მქუხარე ტაშის ფონზე, ქალბატონმა ნანიმ ”თბილისო” დაამღერა.
”თბილისოს” დამთავრებისთანავე პუტინმა საღამო დატოვა, როგორც ამბობენ, ძალიან კმაყოფილი გამომეტყველებით და გასვლისას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ტელეფონებს ჩაფრენილ სტუმრებს, რომელთა უმრავლესობა თბილსში რეკავდა. ამის შემდეგ საღამო გაფერმკრთალდა და სტუმრებმაც დაშლა იწყეს.
პირველი ეფექტი დარბაზისათვის მაინც აღფრთოვანება იყო. გათვლა, რომ ”ისინი თვითონ გაიტანდნენ”, სრულად ასრულდა. სტუმარი-რომანტიკოსების დაშოშმინებას ამაოდ ცდილობდენენ სტუმარი-სკეპტიკოსები: ”მარიონეტებს რას ეტყვის”, - ასეთი იყო მათი არგუმენტი.
მიუხედავად ამისა, მალემრწმენებმა და მით უფრო აპოლიტიკურმა სტუმრებმა, ის მოისმინეს, რისი მოსმენაც სურდათ. იყო ასეთი ინტერპრეტაციაც, - ”რასაც ჩვენად ვთვლით, ჩვენი იქნება, თქვენ კი თუ ჭკუით მოიქცევით, ჩემგან კეთიგანწყობისა და მოწყალების იმედი შეიძლება გქონდეთ მომავალში”.
ასეა თუ ისე, ”პუტინის სადღეგრძელო” აშკარად დაკონკრეტებას საჭიროებს ავტორისაგან. სავარაუდოდ ამას ქართველი პოლიტიკოსები და მედია დამოუკიდებლად ვერ მიაღწევს. თუმცა არაა გამორიცხული, უახლოეს საჯარო გამოსვლაში, თუნდაც ”ერთიანი რუსეთის” პარტიულ ყრილობაზე, პუტინმა საქართველოს თემა თვითონვე განავრცოს, ამჯერად ფხიზელ გონებაზე.
[გოჩა ჯელია]