
ბოლო ანალიზმა აჩვენა, რომ 2009 წლის იანვარ-ოქტომბერში ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ეროვნული ვალუტების გაუფასურების ლიდერები ტაჯიკეთი, სომხეთი და ყაზახეთი არიან.
ტაჯიკურ სომთან მიმართებაში ამერიკული დოლარი 10 თვის განმავლობაში 26%-ით გამყარდა, სომხური დრამი ასევე თითქმის 26%-ით დაეცა, ყაზახური ტენგე კი, დაახლოებით, 25%-ით გაუფასურდა.
მეოთხე ადგილზე ბელორუსია, მას მოსდევს ყირგიზეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო და აზერბაიჯანი. ქართული ლარის გაუფასურება ამ პერიოდში 0,72%-ად შეფასდა.
რუსული ვალუტის ოფიციალური კურსი 1,13%-ით შემცირდა, ლატვიისა - 3,6%-ით, ლიტვის - 4,3%-ით, ხოლო ესტონეთისა - 5%-ით. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ რეიტინგში ქართულ ლარს სიმყარით მხოლოდ აზერბაიჯანული მანათი უსწრებს, რომელიც წლის დასაწყისიდან მოყოლებული პერიოდში მხოლოდ 0,27%-ით გაუფასურდა.
გამოკვლევის შედეგად კი შეგვიძლია დავასკვნად, რომ საქართველოში მყარი მხოლოდ ვალუტაა. ყველა დანარჩენი ეკონომიკური პარამენტრი იმდენად უსუსური და არასტაბილურია, რომ სპეციალისტები პროგნოზების გაკეთებასაც ვერ ახერხებენ.
როგორც უცხოელი ექსპერტები ვარაუდობენ, ამ ეტაპზე ყველაზე რთული ვითარება უკრაინაშია. ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტას გაუფასურება ემუქრება და მდგომარეობა სავალალოა.
უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონფლიქტის ზღვარზე დგას და ამით ეროვნული ვალუტის კრიზისს აახლოებს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იუშჩენკომ ხელი მოაწერა კანონს მინიმალური ხელფასების 20%-ით გაზრდის შესახებ, ფონდმა, შესაძლოა, უკრაინისთვის თანხების გადარიცხვა შეწყვიტოს.
ექსპერტების განცხადებით, თუკი ეს მართლაც მოხდება გირვნის დევალვაციას ვერაფერი შეაჩერებს. ბოლო პერიოდში უკრაინის საგარეო ვალი უზარმაზარ მოცულობამდე გაიზარდა. სავალუტო რეზერვების დაგროვება კი შედარებით ნაკლები რაოდენობით ხდება. სავალუტო ფონდი თანხების გადარიცხვის პირობად კიევისგან პროფიციტულ ბიუჯეტს მოითხოვს.
გრივნას ისედაც ურთულესი პერიოდი უდგას და დამატებითი პრობლემები სულ მთლად მოუთავებს ხელს. სულ რაღაც ერთი თვის წინათ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში ეროვნული ვალუტების ვარდნის ლიდერი სწორედ უკრაინული გრივნა შეიქნა. 2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის სექტემბრამდე პერიოდში უკრაინული ვალუტის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 65%-ით შემცირდა.
შედეგად, გრივნამ დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბის ანტირეკორდი დაამყარა, სადაც ეროვნული ვალუტების კურსის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი 23%-ია.
დსთ-ში ეროვნული ვალუტების კურსის ვარდნის რეიტინგში მეორე ბელორუსული რუბლია - იგი ბოლო ერთ წელიწადში 31,4%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ძველთაძველ ევროპულ ვალუტებს, აქ ვარდნის ლიდერი პოლონური ზლოტია (22,5%), რომელსაც მოსდევს რუმინეთის, უნგრეთის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ვალუტები.
[ეკა ბაქრაძე, presa.ge]