
ისეთი პატარა ქალაქისათვის, როგორიც ლანჩხუთია, ქუჩის ბავშვების, ანუ ე.წ. გამენების არსებობა აშკარად თვალშისაცემია. აქ ისინი ისე მრავლად არ არიან, როგორც - დედაქალაქში, მაგრამ ლანჩხუთისთვის მაინც ბევრია...
...მას ხშირად ხედავენ ქუჩაში მოხეტიალეს, დიდი, შავი თვალებით ყველას და ყველაფერს აკვირდება და არაფერი რჩება თვლათახედვის მიღმა.
იყო დრო, სკოლაშიც დადიოდა და სწავლობდა...
წლების წინ, ლანჩხუთში სკოლა-ინტერნატი არსებობდა, სადაც 70-მდე მოსწავლე სწავლობდა. სასწავლებელს იმის პირობებიც ჰქონდა, რომ უკიდურესად ღარიბი ოჯახის შვილებს ან ცენტრს დაშორებული სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს სასწავლებელში ღამე გაეთიათ.
დღეში სამჯერადი სრულფასოვანი კვება, ღამის გასათევი პანსიონი, მოსიყვარულე მასწავლებლები, ყველანაირი დახმარება ნებისმიერი ადამიანისაგან, - აი, ის, რასაც სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელები ყოველდღიურად იღებდნენ ძველი შენობის კედლებში.
სკოლას ეხმარეობოდა ყველა, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, ეხმარებოდა ყველაფრით, რითაც შეეძლო. ასე რომ, არ აკლდათ არც ახალი, თანამედროვე ლიტერატურა, არც - წყალი, არც - გათბობა, არც - პირადი ჰიგიენის საგნები...
სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები სასწავლებელში თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდნენ და უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ მშობლები, რომლებსაც იმაზე ფიქრით არ უთენ-უღამდებოდათ, თუ რა საშუალებით ეყიდათ წიგნები, ფეხსაცმელი.
ჩვენი წერილის პატარა გმირი ვაჟკაციც ამ სკოლაში სწავლობდა. ისიც, სხვებივით, სიხარულით მიდიოდა სასწავლებელში და არ ჰქონდა იმის პრობლემა, რა ჩაეცვა, რითი ესწავლა... რადგან მასზე სკოლა-ინტერნატის კოლექტივი ზრუნავდა.
ბიჭს დედა და პატარა ძმა ჰყავს. ჩვენს გმირს ძალიან უყვარდა სკოლის ახალგაზრდა დირექტორი, ნინო ძიძიგური და ეს სიყვარული დღემდე მოჰყვება. მერე, იმასაც მოგიყვებით, რა მოიმოქმედა ამ პატარა ონავარმა დირექტორის ქორწილის დღეს. მანამდე კი ჩვენი გმირის სევდიანი ისტორია უნდა გიამბოთ.
გავიდა დრო და, რეფორმატულმა ხელისუფლებამ განათლების სისტემის რეფორმირების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ სკოლა-ინტერნატები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეუქმებინა. ამ გადაწყეტილებას საფუძვლად დაედო ღარიბი ოჯახების შვილების ინტეგრირება ჩვეულებრივ სასწავლებლებში. თავისთავად, იმის სურვილი, რომ ყველამ თანასწორად ისწავლოს და იცხოვროს, ძალიან კარგია, მაგრამ...
მოდით, რეალობაში დავბრუნდეთ და მხოლოდ სურვილებზე ნუ ვისაუბრებთ. ლანჩხუთში სკოლა-ინტერნატის გაუქმების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლე თავდაპირბელად სკოლის გარეთ დარჩა. სოფლებიდან მათი გამოშვება ქალაქში ოჯახებს უჭირდათ. მეტიც, მშობლებს სასკოლო სახელმძღვანელოების, ტანსაცმლის პრობლემა გაუჩნდათ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლებლის გაუქმების შემდეგ, შენობა უმეთვალყურეოდ დარჩა და ნელ-ნელა იძარცვება და ინგრევა. პატრონი კი არ ჩანს(?!).
არ მინდა, ეს წერილი რამდენიმე ისტორიით გადავტვირთო, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სკოლა-ინტერნატის ორი მოსწავლე და-ძმა იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საცხოვრებელი და არ ჰყავდათ მარჩენალი, თვეების მანძილზე, ბებიასთან ერთად, საზოგადოებრივ საპირფარეშოში ცხოვრობდა(!).
რაც შეეხება ჩვენი წერილის გმირს. სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ მან სწავლა ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში გააგრძელა. მეოთხე კლასში იყო. ჩვეულებრივად სწავლობდა, ჩვეულებრივად ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მშობლებს ბიჭუნასი და მისი პატარა ძმის რჩენა ძალიან უჭირდათ. ბიჭი, ალბათ, გაჭირვების გამო (არ ჰქონდა ტანსაცმელი, წიგნები) სკოლას ხშირად აცდენდა. სწორედ მაშინ გახდა ქუჩის ბავშვი, ანუ გამენი და სწორედ ამ პერიოდში შეემთხვა ის, რაც მთელ მის ცხოვრებას დაღად დააჩნდება:
ერთ ღამეს, ახლობლის ქორწილიდან, მეგობრებთან ერთად, შინ ბრუნდებოდა. ლანჩხუთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, კინო-თეატრის დანგრეულ შენობასთან მოხდა ის, რაც დღემდე აშფოთებს ლანჩხუთელებს:
ღამით, სიბნელეში, ნანგრევებთან ჩვენი გმირი და მისი მეგობრები კინაღამ (ან რეალურად) გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი... და ყველაფერი თავდაყირა დადგა...
ამაზე ისინი ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე იყო. ლანჩხუთი ამ ფაქტმა შეაძრწუნა და გაჩნდა უზარმაზარი თანაგრძნობა ამ პატარა გამენების მიმართ. ის განსაკუთრებით იმსახურებს ყველას სითბოს და სიყვარულსაც.
რატომ?
ის უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცია კაცური ბუნებითა და თვისებებით. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ხეტიალობს, სკოლასაც ხშირად აცდენს, ის მაინც არ დაცემულა, მაინც არ დაუკარგავს მომავლის იმედი და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ეს 10-11 წლის ბიჭი საკმაოდ კარგად დაეუფლა კომპიუტერს.
ჩვენს გამენს დედა არცთუ ისე ჯანმრთელი ჰყავს. სამწუხაროდ, ჩვენ მასთან გასაუბრება ვერ შევძელით, ამდენად, წერილის გმირთანაც საუბარი არაოფიციალურად გამოგვივიდა. მხოლოდ ერთი რამ გავიგეთ, დედას პენსია არ აქვს, რადგან სასამართლომ მას გონებრივად ჩამორჩენილობა არ დაუდგინა.
მართალია, ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ ჩვენი გამენი მაინც ქუჩაშია, უმეთვალყურეოდ. რამდენიმე ხნის წინ მას შესთავაზეს, დათანხმებულიყო ბავშვთა სახლში წასვლაზე, მაგრამ...
ჯერ ერთი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დედამისი სასამართლომ ქმედუნარიანად სცნო და მას არ სურს შვილის მოშორება, თავად კი, როცა ამ საკითხზე ჩამოვუგდე სიტყვა და ვუთხარი, რომ იქ უფრო მოუვლიდნენ, უპატრონებდნენ, დანისლული, შავი თვალებით შემომხედა და ხმადაბლა მითხრა:
- დედას ვერ მივატოვებ!
ამ 11 წლის ბიჭს საკუთარი დედისა და პატარა ძმის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მან ზუსტად იცის, რაში და როგორ უნდა დახარჯოს ფული, რომელსაც ოჯახი სოციალური დახმარებების სახით იღებს.
იცის, როგორ უნდა მიხედოს ოჯახს, ჯანმრთელობაშერყეულ დედას (რომელიც ვიმეორებ, სასამართლომ ქმედუნარიანად სცნო) და ძამიკოს.
ერთი შევნიშნე: თუ საჭმელს შესთავაზებ, არ მინდაო, ისე გეტყვის, სიტყვას ვერ შეუბრუნებ, რადგან ხვდები, რომ შეურაცყოფას მიაყენებ მის თავმოყვარეობას, მის მამაკაცურ ბუნებას.
ისე, კომპლიმენტებსაც მართლა კაცურად გეუბნება, ღიმილით შემოგხედავს და, რა სიმპატიურად გამოიყურები დღესო...
ახლა, ზემოთ დაპირებულ, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ყოფილ დირექტორთან დაკავშირებულ ამბავს გავიხსენებ. როდესაც ექსდირექტორი ნინო ძიძიგური გათხოვდა, ჩვენს გმირს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. ცხადია, ქორწილშიც მივიდა, ოღონდ... არა ხელცარიელი და არა - ფეხით. დაიქირავა ტაქსი, ეს კი არა, შეითანხმა, რომ მაყრადაც წაიყვანდა და საყვარელ დირექტორს საჩუქარიც კი მიართვა, თანაც საგულდაგულოდ შეფუთული.
აი, ასეთია ის, ჩვენი წერილი პატარა გმირი, რომელიც ვინ იცის, როგორი საუკეთესო მოსწავლე იქნებოდა, რომ არა ქვეყანაში არსებული პრობლემები, ის პრობლემები, რომელიც პირადად მას და მის ოჯახს შეეხო.
ყოველთვის, როდესაც ვუყურებ ან ვესაუბრები, ტერენტი გრანელის სიტყვები მახსენდება:
“თქვენ სიღარიბეს არ იცნობთ, ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა...”